კომპანია „ჩირინას“ აქვს საკუთარი კომბინირებული საკვების ქარხანა, სადაც რეგულარულად მზადდება სრულფასოვანი, გრანულირებული, კომბინირებული საკვები. საკვები ბაზარზე „კვებეკოს“ ბრენდის სახელითაა ცნობილი. ამ ეტაპზე, შპს „ჩირინას“ კომბინირებულ საკვებ ქარხანაში დამზადებული საკვების ძირითადი მომხმარებელი თავად კომპანია „ჩირინა“ და მისი მეფრინველეობის კომპლექსია.
ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზით და სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. აღნიშნული ქარხანა შპს „ჩირინამ“ პარტნიორ კომპანია ROSAL-თან ერთად ააშენა და აღჭურვა. თავად Rosal 50 წელიწადზე მეტია კომბინირებული საკვები ქარხნის სისტემების წარმოების ბიზნესშია.
აღსანიშნავია, რომ კომბინირებულ საკვებ ქარხანაში შპს „ჩირინას“ აქვს ექსპრეს ლაბორატორია, სადაც რეგულარულად მოწმდება როგორც ნედლეული, ასევე მზა საკვების ხარისხი.
კომბინირებული, გრანულირებული საკვების უმთავრესი უპირატესობა არის ის, რომ ფრინველს მიეწოდება ზუსტად გათვლილი საზრდო ნივთიერებებისაგან შემდგარი რაციონი, რომელიც მისი ეფექტური წარმოებისთვის არის საჭირო. თითოეული გრანული წარმოადგენს საკვების ნაკრებს, რომელიც როგორც ფრინველისათვის ასევე ყველა სხვა ტიპის სასოფლო სამეურნეო ცხოველისათვის საჭირო ყველა ელემენტით არის დაბალანსებული.
გრანულირება ცხელი ორთქლის საშუალებით მიმდინარეობს. ეს თავის მხრივ საკვებში პათოგენური ორგანიზმების გაუვნებლობას უწყობს ხელს, რომლის შედეგადაც მცირდება მავნე ორგანიზმების და მისგან წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებების საკვებში მოხვედრის რისკი.
საკვების წარმოების პროცესის დროს კრიტიკული საკონტროლო წერტილების მუდმივი მონიტორინგი საშუალებას იძლევა დამზადდეს სრულიად ჯანსაღი, უსაფრთხო საკვები ყველა ტიპის სასოფლო სამეურნეო ცხოველისა და ფრინველისათვის.